რას მოგვითხრობს ისტორია  კასპის შესახებ

 

1917 წლამდე, კასპი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. 1959 წლის ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. მუნიციპალიტეტის ფართობი  შეადგენს 803,2 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში  17 ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი,  72 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი, იგი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისიდან დაცილებულია 56, ხოლო გორიდან 40 კოლომეტრით. მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს რესპუბლიკის მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალი,  რკინიგზის  4  სადგურით.

მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 43 771, მათ შორის ქალაქად 13 423, ხოლო სოფლად 30 348 კაცს.

არქეოლოგიური მასალა, უძველესი ნამოსახლარები და ნასახლარები, მატერილური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ კასპის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი, ადრევე დაწინაურდა და  ციხე-ქალაქად ითვლებოდა, მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა,  როგორც ციხე-ქალაქი  საკუთარი სპასალარი ჰყოლია და  წარმოადგენდა გარკვეულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში  მნიშვნელოვანი როლი  ენიჭებოდა.  მატიანე კასპს იხსენიებს იბერიის ძველი ქალაქების: უფლისციხის, სარკინეს, ურბნისის, ოძრახესა და სხვათა გვერდით.  კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით 337 წელს.

მემატიანეს თქმით,  ქალაქ კასპში  მეხუთე საუკუნეში იმდენად მაღალ დონეზე იყო  სწავლა-აღზრდის საქმე, რომ მეფეები და წარჩინებული პირები თავიანთ შვილებს აღსაზრდელად აქ აგზავნიდნენ.  კასპში იზრდებოდა  თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია  ბევრჯელ ყოფილა  ბრძოლის ასპარეზი და ჩვენს წინაპრებს ვაჟკაცურად  უქნევიათ ხმალი მტრის წინააღმდეგ. მრავლად მოითვლებიან  სახელოვანი გმირები, რომლებიც ამ მიწა-წყლის მკვიდრნი იყვნენ: სწორუპოვარი მხედართმთავარი გიორგი სააკაძე და მისი ვაჟები, (მათგან უმცროსი  პაატამსხვერპლად  შეწირა სამშობლოს პაატას  ირანის შაჰმა თავი მოკვეთა და  გიორგის საქართველოში გამოუგზავნაპაატას თავი ერთაწმინდის  წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარშია დაკრძალული),  ქართლის სადროშოს ალმადარი გივი ამილახვარი, ზაზა ციციშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

დიდგორის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კავთურის ხეობის მოსახლეობამ.  ისინი  დიდგორის ველზე,  ქვათახევის  მხრიდან ავიდნენ და  დავით აღმაშენებლის ლაშქარს  შეუერთდნენ.

1609 წელს ქართლში შემოჭრილ ოსმალთა ჯარებს, ქართლის მეფის ლუარსაბის შეპყრობა სურდათ. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა  უბრძანეს. მღვდელმა მტერს გზა აუბნია, რისთვისაც ის აწამეს და თავი მოკვეთეს. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილიც. ბრძოლა თეძმის ხეობაში, სოფელ  ნიაბის ბოლოს გაიმართა, რომელშიც ქართველებმა გაიმარჯვეს.

1625 წლის გაზაფხულზე, აღაიანის ველზე გიორგი სააკაძის ლაშქარმა  დაამარცხა შაჰ-აბასის  ლაშქრის ერთი ნაწილი.

ლამისყანის მახლობლად გიორგი სააკაძემ, ასევე დაამარცხა შაჰ-აბასის ლაშქარი, რომელიც მოდიოდა ჩრდილოეთიდან არაგვის ხეობის გვერდის ავლით. აქ გაწყდა ყიზილბაშთა დიდი ჯგუფი, რის გამოც ამ ადგილს გაწყვეტილები შეერქვა.

1724 წელს ზედაველაზე, სოფელ დოესის მახლობლად ქართველებმა დაამარცხეს ოსმალების ლაშქარი, გადმოცემით ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ახალგაზრდა დავით გურამიშვილიც.

მეორე მსოფლიო ომში კასპიდან 6 500 – მდე კაცი იბრძოდა, მათგან ნახევარზე მეტი ვერ დაბრუნდა. ოთხ მათგანს – ილია ხმალაძეს, სურენ ასლამაზაშვილს, გიორგი თვაურსა და ივანე იშჩენკოს, მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.  ინჟინერ შალვა ჟიჟილაშვილს, როგორც ომის პერიოდის მშენებელს,   მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება.

1991-1993 წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებში  აქტიური მონაწილეობა მიიღო კასპში დისლოცირებულმა, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონმა. ბატალიონმა 25 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო რაიონის გამგებელი, ბატალიონის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი  ტარიელ შარიფაშვილი.

კასპმა სამშობლოს მრავალი  სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა: აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი და მისი ძმა ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი,  აკადემიკოსი ივანე თარხნიშვილი, კასპშია დაბადებული ცნობილი ქართველოლოგი – პეტერბურგის უნივერსიტეტის  პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი, ფიზიკოს-აკადემიკოსი ვ. მამსახლისოვი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძე, პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი, ვახტანგ ჯავრიშვილი, რომელიც საუკეთესო ნაკვესებს წერდა. მომღერლების პლეადა მარო თარხნიშვილის მეთაურობით, მიხეილ, ლადო, სანდრო კავსაძეები, კომპოზიტორები ია კარგარეთელი და შალვა აზმაიფარაშვილი,  მხატვრები  რუსუდან ჯავრიშვილი და მოსე თოიძე. კასპს უკვაშირდება  მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის ფესვებიც.

კასპი “უხვმოსავლიანია” მწერლობითაც: ლამისყანაში – დედულეთში ისწავლა სამშობლოს და ლექსის სიყვარული დავით გურამიშვილმა, ქვემო ჭალაში დაიბადნენ გივი და ლუარსაბ კარბელაშვილები,  რაფიელ ერისთავი, რომლის დედა ამილახვრიაანთ ქალი იყო, დედულეთის ხშირი სტუმარი იყო ალექსანდრე ყაზბეგი, მათივე შთამომავალი იყო ეკატერინე გაბაშვილი, თვალადელი  გიორგი შატბერაშვილი, ნანა კანდელაკი, იგოეთელი იორამ ჩადუნელი,  ხოვლელი ელგუჯა მერაბიშვილი,  ელიზბარ მაისურაძე, თენგიზ გოგოლაძე, კასპელი  გიორგი ხორგუაშვილი და ვაჟა ოთრაშვილი.

კასპის  კულტურულ ცხოვრებაზე მეტყველებს მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, სოფელ წითელაქალაქში  ჩამოყალიბებული ადგილობრივი დრამატული წრე, რომელმაც 1876 წელს მაყურებელს უჩვენეს  გიორგი ერისთავის  კომედია “ძუნწი”. 

კასპის ტერიტორიაზე აღნუსხულია სხვადასხვა ეპოქის 300-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, რომელთაგანაც ბევრი   ნებისმიერი ცივილიზებული ერის კულტურას დაამშვენებდა.  ზოგიერთ მათგანში  უძველესი დროიდან მოქმედებდა კულტურისა და განვითარების კერები. მაგალითად სამთავისისა და ქვათახევის  ტაძრებში დაცული იყო  ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნები, საისტორიო თხზულებანი, სიგელგურჯები.  აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები კვიპრიანე და ბენედიქტე სამთავნელი, გერვასი მაჭავარიანი, ტარასი ალექსი-მესხიშვილი და სხვები. ბერძნული ერიდან თარგმნიდნენ სასულიერო ხასიათის წიგნებს, თხზავდნენ ორიგინალურ ნაწარმოებებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვარს  იოანე  ავალიშვილს  1600 წელს გადაუწერია  შოთა რუსთაველის  უკვდავი “ვეფხვისტყაოსანი”.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანები, გვიან – ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის სამაროვნები, მრავალფეროვანი ნამოსახლარები, სადაც მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალა დაცულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო, ასევე კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. აღნიშნული ექსპონატებიდან აღსანიშნავია: მოოქროვილი ვერცხლის დისკო და ვერცხლის ხატისუღელი (ძვ.წ.III ს), ელინისტური და რომაული ხანის ბრინჯაოსაგან დამზადებული დიონისეს ქანდაკება (ძვ.წ.III-II სს), ბრინჯაოს ბალთა და ვერცხლის თასი, (ახ.წ.II-III სს), ბრინჯაოს შუბისპირები, აღმოსავლურ-ქართული ცულები, სატევარები, საკიდები.

ამჟამინდელმა „გრაკლიანი“-ს გორას  გათხრებმა,  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კასპის უძველესი ისტორია და მნიშვნელობა, რომლის გათხრები და შესწავლაც გრძელდება.

კასპის მუნიციპალიტეტში  უხვად იყო და არის ქართლისათვის დამახასიათებელი საცხოვრისის ისეთი ტიპიური ნიმუშები, როგორიცაა სახლი-დარბაზები. საქვეყნოდ არის ცნობილი ერთაწმინდის და  ახალაქალაქის დარბაზები, რომელიც ცნობილმა მხატვარმა ზემო ჩოჩეთის მკვიდრმა მოსე თოიძემ დახატა.

სოფელ კავთისხევში, თვალადში არის დიდი მამულიშვილის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის აგების ინიციატორის – ნიკო ცხვედაძის სახლი, სადაც 2018 წლამდე სკოლა იყო განთავსებული. აქ დაიწერა იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნა” და მოთხრობების კრებული ,,კონა”, კავთისხევშია ადგილის დედა ვახტანგ, ვახუშტი, ფარნაოზ კოტეტიშვილების და სხვათა მამულიშვილებისა.